გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გერმანიის ფედერალური გარემოსდაცვითი სააგენტოს პრეზიდენტს მარია კრაუცბერგერს სამინისტროში უმასპინძლა, სადაც „ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალი საქართველოში” – ეროვნული სატყეო პროგრამის სამუშაო ჯგუფის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, გარემოს გლობალური მონიტორინგის, ასევე მეცნიერული კვლევის, რეკრეაციული და საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფისა და დინამიური სოფლის მეურნეობის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალი”.
პროცესში ჩართულია გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო. დღეისათვის მიმდინარეობს რეგიონის შერჩევა და ბიოსფერული რეზერვატის რეგიონის შექმნისათვის საჭირო წინა შესწავლითი სამუშაოები.
შეხვედრა გერმანიის ფედერალური საელჩოს წარმომადგენლები და მიხაელ ზუკოვის ფონდის ხელმძღვანელი, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზუკოვის ფონდმა იუნესკოს პროგრამა „ბიოსფერო და ადამიანი” პრეზენტაცია წარადგინა და მონაწილეებს საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალისა და ადგილმდებარეობის შესახებ შუალედური ანგარიში გააცნო.
პროექტი „Michael Succow Foundation for Protection of Nature” – ის მიერ დაფინანსდა.