თბილისში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის მილი გასკდა, რამაც მთელი ქუჩა დატბორა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სახანძრო სამსახურის და GWP თანამშრომლები. მათ წყლის გადაკეტვა მოახერხეს.
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ტექნიკურ სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებს და მოსახლეობას წყლის მიწოდება ღამით, 24:00 საათიდან აღუდგება.
უცვლელად გთავაზობთ კომპანიის ოფიციალურ განცხადებას: “მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ღამიდან მიმდინარეობს. 400 მმ-იან თუჯის ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას დაზიანების არეალში მდებარე სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციების სიმრავლე ართულებს. დაზიანების შესახებ შეტყობინება კომპანიამ 22:25 საათზე მიიღო. ტექნიკური ბრიგადები ავარიის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 15 წუთში, 22:40 საათზე მივიდნენ და ოპერატიულად გადაკეტეს წყლის ჩამკეტი ურდულები. სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში, გუშინ ღამის 22:40 საათიდან მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს, რომელსაც ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, წყლის მიწოდება ღამის 12 საათიდან (00:00) აღუდგება. დღის მანძილზე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ლოკაციის შესახებ დამატებით ინფორმაციის მიღება, შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელ ხაზისა და ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით”, – აცხადებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”.